ბათუმში, ზღვაში გაურკვეველი წყალქვეშა მოწყობილობა აფეთქდა.
ვიდეოები სოციალურ ქსელში ვრცელდება, სადაც აფეთქების ხმა ისმის და კვამლი ჩანს.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები და გამნაღმველები.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, აფეთქების ხმა იმდენად ძლიერი იყო, რომ არამხოლოდ სანაპირო ზოლზე, არამედ მიმდებარე უბნებშიც გაიგეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, თუმცა მასში დაკოკრეტებული არ არის, რა აფეთქდა ზღვაში.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა შეტყობინება ქალაქ ბათუმში, ზღვაში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით. შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, მათ შორის მეხანძრე-მაშველები, საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები. ასევე, ადგილზე იმყოფებიან გამნაღმველებიც. ამ დროისთვის ტარდება ყველა საჭირო ღონისძიება. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც აფეთქებას გულისხმობს"- აცადებენ უწყებაში.